საუკეთესო სესხი, საუკეთესო მოწყალება
ძვირფასო მორწმუნეებო, დასრულდა რამადანის თვე. ამ მადლმოსილი პერიოდის ღვთისმსახურებაში გატარებით თქვენ უზენაესი ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად გაისარჯეთ. ჯილდოს მხოლოდ მისგან მოლოდინით გაიღეთ ფითრა, ზექათი და სხვა წყალობები. ყურანის აიათებით ცნობილი ხდება, რომ ვინც ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისთვის გაიღებს ქველმოქმედებას, ალლაჰი მიიღებს როგორც სესხს, რომელიც მრავლობითი საზღაურით დაუბრუნდება უკან კეთილისმქნელს: „ვინც ასესხებს ალლაჰს კეთილ სესხს, მაშინ უხვად დაუბრუნებს იგი მას მრავალჯერ ნამატით და ალლაჰი შეუზღუდავს გასცემს უხვად (თავის წყალობას), და თქვენ მასთან მიიქცევით.“ (ბაყარა, 2/145) შევთხოვ უზენაეს ალლაჰს, უნაკლოდ მიიღოს თითოეული ჩვენგანის მიერ შესრულებული ღვთისმსახურებები, გულწრფელად გაღებული საუკეთესო სესხი და წილად გვარგუნოს სანაცვლოდ აღთქმული ჯილდო. ისლამი, უზენაესი ალლაჰისთვის სესხის გაცემას, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. შესაბამისად, ყოველი მორწმუნე უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუ როგორ შეძლებს ღარიბის გულის მოგებას, ობლის მოფერებას, უნარშეზღუდულთა დახმარებასა და სიდუხჭირეში მყოფთათვის ხელის გაწოდებას. ხელთარსებულის ღარიბისთვის გაზიარება საზოგადოებრივი სამართლიანობის გარანტიაა, ქველმოქმედება კი – სიკეთის გამრავლებისა და სიავის შემცირების ქვაკუთხედი. საუკეთესო სესხი ანუ ქველმოქმედება არის ჩვენთვის ბოძებული მატერიალური და სულიერი წყალობების უსასყიდლოდ სხვებისთვის გაზიარება. ეს არის უზენაესი ალლაჰისადმი მადლიერება ყოველივე იმისთვის, რაც წილად გვარგუნა. ქველმოქმედება არის ღარიბისთვის თავისი კუთვნილი წილის გადახდა. იმისთვის, რომ გაიღო, არ არის აუცილებელი იყო მდიდარი, რამეთუ ყველა თავისი ყაირათიანობის შესაბამისად არის მდიდარი. ჭეშმარიტად მდიდრები კი არიან ისინი, ვინც სიმდიდრის წყალობას ფლობენ და უსასყიდლოდ შეუძლიათ გაიღონ. ერთი სიტყვით, ალლაჰის გზაზე გაღებული სესხი, საიქიო სამყოფელისთვის საუკეთესო სამზადისია. ქველმოქმედება ადამიანს ალამაზებს და აკეთილშობილებს. სწორედ ასეთი მორწმუნეების თვისებებია, რაც ნადვილად შესაშურია. ყურანში ვკითხულობთ: „რომელთაც სწამთ უხილავის, ლოცვას აღავლენენ ჭეშმარიტად და, რაც ვუწყალობეთ, გაიღებენ იქიდან (ღვთის გზაზე)“. (ბაყარა, 2/3) „რომელნიც გაიღებენ თავიანთ ქონებას ალლაჰის გზაზე, შემდეგ კი რასაც გასცემენ, უკან ყვედრებასა და დამცირებას არ მიაყოლებენ, მათი საზღაური თავიანთ ღმერთთანაა, მათ არც შიში ექნებათ და არც არასდროს დამწუხრდებიან“. (ბაყარა, 2/262) განა ვინ არ ისურვებს ალლაჰისთვის სესხის მიცემას! „ვინც ასესხებს ალლაჰს კეთილ სესხს, მაშინ უხვად დაუბრუნებს იგი მას მრავალჯერი ნამატით“... (ბაყარა, 2/245) მაშ ასე, უზენაესი ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისა და სანაცვლოდ ჯილდოს მხოლოდ მისგან მოლოდინით გაღებული თითოეული ქველმოქმედება ალლაჰისთვის მიცემული სესხი ანუ „ყარზი-ჰასენი-ს“ სახით ცნობილი საუკეთესო სესხია, რომლის სანაცვლოს გამრავალმაგებულად დაბრუნებას აღგვითქვას გამჩენი. როდესაც აღნიშნულის შესახებ საჰაბე ებუ დაჰდაჰმა გაიგო, მაშინვე ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ს.) მივიდა და ჰკითხა: „ო, ალლაჰის შუამავალო, მაშინ, როდესაც უზენაეს ალლაჰს არაფერი სჭირდება, ჩვენგან სესხს ითხოვს?“ შუამავალმა (ს.ა.ს.) მიუგო: „დიახ, ამით მას თქვენი სამოთხეში დამკვიდრება სურს“. ასეთი პასუხის შემდეგ ებუ დაჰდაჰმა ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) ხელი ჩაშჭიდა და უთხრა: „თუ ასეა, მეც ჩემთვის საყვარელ ხურმის ბაღს სესხად გავცემ უზენაეს ალლაჰს“. (ტაბერი, ჯამიულ-ბეიანი, V, 283) ებუ დაჰდაჰის გარდაცვალების შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა: „ებუ დაჰდაჰს სამოთხეში დახუნძლული უამრავი ხურმის ხეხილი ელოდება“. (მუსლიმი, ჯენაიზი, 89) განა ვინ არ ისურვებს, უზენაეს ალლაჰს გასცეს სესხი, ვისი ხაზინაც უკიდეგანო და აღთქმულის აღმსრულეა?! განა ვინ არ ისურვებს, უზენაესი ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისთვის სიკეთეში შეჯიბრს?! ამქვეყნიური და საიქიო სიმშვიდისთვის აღთქმული ჯილდოს მიღებაზე ვინ იტყვის უარს?! განა ვინ განერიდება ესოდენ მომგებიან ვაჭრობას?! ქველმოქმედება არის ქმედება, გაიღო უანგაროდ და გამრავალმაგებულად დაგიბრუნდეს უკან. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს, რომ „მოწყალება არათუ შეამცირებს ქონებას, არამდე უხვად გაამრავლებს მას“. (მუსლიმი, ბირრი, 69) ვის უნდა გავცეთ, როგორ და რა დროს? ყოველთვის, სიდუხჭირისა თუ სიუხვის, ფარულად თუ აშკარად, დღისით თუ ღამით და უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ იქიდან უნდა გავცეთ, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს. ყურანში ვკითხულობთ: „ვერასდროს მიაღწევთ ღვთისნიერებას, თუ არ გაიღებთ იმას, რაც გიყვართ. და რაც უნდა გაიღოთ, უეჭველად, ალლაჰმა უწყის იგი!“ (ალი ღიმრანი, 3/92) მას შემდეგ, რაც აღნიშნული აიათი თანამიმდევრებმა მოისმინეს, მაშინვე მათთვის ყველაზე ღირებულის ღარიბებისა და ქველმოქმედბის მიზნით გაღების მობილიზება დაიწყეს. ისლამის ისტორია ინახავს ებუ ტალჰას ქველმოქმედბის ამბავს, რომელმაც ყველაზე საყვარელი „ბეირუჰას ბაღი“ გაიღო. ასევე, ზეიდ ბინ ჰარისის ამბავს, რომელმაც ყველაზე საყვარელი ცხენი ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ს.) მიიყვანა და უთხრა: „ეს ცხენი ალლაჰის გზაზე გავიღეო“. ებუ ზერის მიერ სტუმრისთვის ყველაზე საუკეთესო ფორმით გამასპინძლება და სხვა უამრავი მსგავსი მაგალითი აჩვენებს, რომ ქველმოქმედებისთვის უმთავრესი რამ ყველაზე საყვარელის და ღირებულის გაღებაა. შეიძლება ითქვას, რომ რთულია საყვარელი და ღირებული რამის გაცემა და მათით გამოცდა, მაგრამ უდავოა, ვინც ამ სირთულეს გადალახავს, სწორედ ისინი გახდებიან ჭეშმარიტი ჯილდოს ღირსნი. მართალია, რაც უნდა გაიღოს ადამიანმა, არ შემოიფარგლება მხოლოდ მატერიალურით, რამეთუ პიროვნების მიერ გაკეთებული ნებისმიერი სიკეთე მოწყალება და ქველმოქმედებაა. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს, რომ განაწყენებულთა შერიგებისთვის გარჯა, გზის ისეთი რამეებისგან გაწმენდა, რაც ადამიანებს დაბრკოლებას უქმნის და უფრო მეტიც, უბრალო გაღიმებაც კი – მოწყალებაა. (მუსლიმი, ზექათი, 56) გამომდინარე აქედან, ადამიანის ქონების, ცოდნის, ყურადღების, კეთილგანწყობის, სიტყვისა და ყველაზე მთავარის – დროის მათთვის გაზიარება, ვინც ამას საჭიროებს, ყველაზე მნიშვნელოვანი სათნოებაა. ქველმოქმედების გაღება მხოლოდ მათთვისაა შესაძლებელი, ვისაც გაცნობიერებული აქვს ამანათის არსი. ვინც იცის, რომ ქონების ჭეშმარიტი მფლობელი უზენაესი ალლაჰია, ადამიანს კი მხოლოდ დროებით მფლობელობაში გააჩნია და განკარგავს ამა თუ იმ სიმდიდრესა თუ ქონებას. სწორედ ამ შეგნებით, ისინი თავიანთ კეთილ საქმეს საკუთარი სურვილითა და გულუხვობით აკეთებენ. გარდაუვალია, ეგოიზმის სნეულებით არ დაავადდნენ ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ მათთვის ბოძებული წყალობის მფლობელები არიან და არა დროებითი განმკარგველები. როდესაც მათ უფრო მეტის დაგროვებისა და უფრო მეტის მოხმარების სურვილი იპყრობს, მაშინ ვერ აცნობიერებენ, რომ სინამდვილეში თავად იხარჯებიან ამ გზაზე. ვისაც უკმაყოფილების გრძნობა ამოძრავებს, სამყაროს მშვენიერებას ვერ აღიქვამს. რაოდენ მშვენიერი და სასიხარულოა, როცა ყოვლისშემძლე ალლაჰი აცხადებს, რომ ყოველი გაცემული ქველმოქმედება არის მისთვის გაცემული სესხი და იგი თავის მონა-მსახურებს გამრავალმაგებულად გადაუხდის! რა მომგებიანი გარიგებაა მათთვის, ვინც სიცოცხლეს და ქონებას ალლაჰის გზაზე სამოთხის სანაცვლოდ გაიღებს! რაოდენ დიდი ბედნიერება იქნება იმ მორწმუნეებისთვის, რომლებიც ქველმოქმედებას გაიღებენ და იქნებიან მათ შორის, ვინც განკითხვის მძიმე ჟამს ტახტის ჩრდილში შეაფარებს თავს! ადამ შანთაძე საქართველოს მუფთი