ისლამი ჰადისების ფონზე 1 ტომი
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით ქება-დიდება უზენაეს ალლაჰს, ლოცვა და სალამი სამყაროთათვის წყალობად მოვლენილ შუამავალ მუჰამმედს (ს.ა.ს.) ძვირფასო მკითხველო, უსაზღვრო მადლიერება უზენაეს ალლაჰს იმისთვის, რომ ისლამის ლიტერატურას, ქართულ ენაზე ნათარგმნი კიდევ ერთი ფასდაუდებელი ნაშრომი, შვიდტომეული - „ისლამი ჰადისების ფონზე“ შეემატა. ესაა წიგნი, რომელიც თითოეულ მორწმუნეს ისლამის გაცნობიერების, ყურანის, შუამავლისა და მისი თანამიდევრების ცხოვრების გაცნობასა და შესწავლაში მეგზურობას გაუწევს. როგორც ვიცით, უკანასკნელი ღვთიური წიგნი ყურანია, ხოლო უკანასკნელი შუამავალი – მუჰამმედი (ს.ა.ს.). შესაბამისად, ყურანი და შუამავლის სუნნეთი, ისლამის ორი უმთავრესი წყაროა. ყურანში, უზენაესი ალლაჰი, მასადმი მორჩილებასთან ერთად, შუამავლისადმი (ს.ა.ს.) მორჩილებასაც მოითხოვს: „ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს და მის შუამავალს...“ (სურა ენფალი, 8/17) სურა აჰზაბის 21-ე აიათში კი შუამავლის (ს.ა.ს.) სამაგალითოობაზეა ყურადღება გამახვილებული. შესაბამისად, მორწმუნეებმა მისგან უნდა ავიღოთ მაგალითი და მას მივბაძოთ: „ვფიცავ, ალლაჰის შუამავალი კარგი მაგალითი იყო თქვენთვის, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ და ხშირად ახსენებდა ალლაჰს!“ (სურა აჰზაბი, 33/21) მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს.) ყოველი სიტყვა, ქმედება, ყველა ნაბიჯი, ყურანის ზნეობის შესაბამისი იყო. მისი ცხოვრება, სიტყვები და ქმედებები, ყურანის პრაქტიკული განსახიერებაა. აქედან გამომდინარე, ყურანი და სუნნეთი ერთმანეთისგან განუყოფელი, ერთი მთლიანობაა. ვინც ცხოვრების მეგზურად ყურანს და სუნნეთს დაიდგენს, ჭეშმარიტ გზას არ ასცდება და მარადიულ ხსნასაც მოიპოვებს. გამოსამშვიდობებელ ქადაგებაში შუამავალმა (ს.ა.ს.) ასე ბრძანა: „მე თქვენ ორ ამანათს გიტოვებ. თუ მათ მტკიცედ ჩაეჭიდებით, ჭეშმარიტ გზას არასდროს ასცდებით. პირველი - ალლაჰის წიგნი ყურანია, მეორე კი ჩემი სუნნეთი“. (იბნი ჰიშამი, IV, 276; მუვატტა, ყადერი, 3) ისლამი ჰადისების ფონზე წინასიტყვაობა 25 ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, შუამავლის (ს.ა.ს.) თანამიმდევრები ცდილობდნენ ყურანისა და სუნნეთის შესაბამისად ეცხოვრათ და ჰადისები ჩვენთვის უნაკლოდ გადმოეცათ. ჰადისის მკვლევარები იმასაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ, თუ ცხოვრობდნენ ჰადისის გადმომცემლები მათ შესაბამისად. როგორც ვხედავთ, ჰადისების მხოლოდ გადმოცემა არაა საკმარისი, აუცილებელია მათი სწორად გაგება და ჰადისების მიხედვით ცხოვრება, ვინაიდან ჰადისები წმინდა ყურანის საუკეთესო განმარტებებია. შესაბამისად, ამიერ სამყაროში ბედნიერად, რწმენით რომ ვიცხოვროთ და იმიერი სამყაროს ნეტარება მოვიპოვოთ, საჭიროა ცხოვრების ყველა საფეხურზე ყურანით და შუამავლის სუნნეთით ვიხელმძღვანელოთ. წინამდებარე ნაშრომის გამოცემის მიზანიც სწორედ ყოველივე ზემოთ აღნიშნულის ხორცშესხმაა. ნაშრომში შერჩეულია ცალკეული თემები და მიმდინარეობს სიღრმისეული განხილვა ყურანის, სუნნეთის ჩარჩოებში ან საჰაბეთა ცხოვრებიდან აღებული ეპიზოდების ფონზე. ვფიქრობთ, ეს უძვირფასესი სახელმძღვანელო დაეხმარება თითოეულ მორწმუნეს ყურანის, შუამავლის სუნნეთისა და თანამიმდევართა ცხოვრების უკეთ გაცნობასა და შესწავლაში. შრომა – ჩვენგან, წარმატება კი ალლაჰისგანაა. მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ამ მეტად მნიშვნელოვანი, საშვილიშვილო და სამადლო ნაშრომის შედგენაში, ქართულ ენაზე თარგმნასა და გამოცემის საქმეში. დაე, ალლაჰმა წილად გვარგუნოს ყურანისა და სუნნეთის შესაბამისად ცხოვრება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. უზენაესი ალლაჰი იყოს თითოეული ჩვენგანის შემწე და მფარველი ! აამიინ!
