დრო:
3.1.2026

ვაჭრობის ეთიკა ისლამის მიხედვით

რამაზ ბერიძე

ადამიანის არსებობის დასაბამიდან დღემდე, დედამიწაზე ხალხი საარსებო წყაროს მოსაპოვებლად მრავალფეროვან საქმიანობას ეწევა. ამ საქმიანობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი სფერო ვაჭრობაა, (62/10) რომელიც ხშირად კეთილდღეობისა და სტაბილური შემოსავლის საფუძვლად გვევლინება. ვაჭრობა მაშინ არის მისაღები, როდესაც იგი პატიოსნებასა და სამართლიანობაზეა დაფუძნებული და მასში ადგილი არ აქვს მოტყუებას ან მზაკვრულ ქმედებებს. (2/275) ასეთი საქმიანობა ადამიანს, ამქვეყნიურ ცხოვრებაში, წარმატებასა და პატივისცემას მოუტანს, ხოლო იმიერ სამყაროში, ღვთის წყალობით, ნეტარ ჯილდოს დაიმსახურებს. და პირიქით, ვინც თავის საქმეში არაკეთილსინდისიერად იქცევა და სამართლიანობის საზღვრებს სცდება, (4/29) მას საზოგადოების წინაშე შერცხვენა და საბოლოოდ განკითხვის დღეს მძიმე პასუხისგება ელოდება. (4/30) ამ საკითხის უკეთ გააზრებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვაჭრობით დაკავებულმა მორწმუნეებმა კარგად შეისწავლონ ისლამის მიერ დადგენილი სავაჭრო ეთიკის პრინციპები და ყოველდღიურ ცხოვრებაში განახორციელონ. ისლამის თანახმად, ვაჭრობა გარკვეული წესებისა და საზღვრების დაცვას საჭიროებს. ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა იცოდეს ის ძირითადი ნორმები და პრინციპები, რომლებიც ჩვენს რელიგიას მოაქვს. ყურანში დიადი ალლაჰი ბრძანებს: „კაცთ, რომელთაც ვაჭრობა და ყიდვა-გაყიდვა ვერ მოსწყვეტს ალლაჰის მოხსენიებას, ლოცვის აღვლენას და ზექათის გაღებას, მათ ეშინიათ დღის, როცა შეძრწუნდება გულნი და თვალნი“. (24/37) აღნიშნული აიათი კი ნათელი დასტურია იმისა, რომ ალალი გზებით ეს საქმიანობა დადებით კონტექსტშია ნახსენები და მას მხოლოდ ალლაჰთან დაახლოებული ღვთისმოსავნი ასრულებენ. ვინც ისლამის ზოგად პრინციპებს და ვაჭრობისას დადგენილ წითელ საზღვრებს არ არღვევს, ის, როგორც ზნეობრივად, ისე ეკონომიკურადაც მოგებული რჩება. ხოლო, მათთვის, ვინც ამ საზღვრებს სცდება, მძიმე და მტანჯელი სასჯელია გამზადებული. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ კეთილსინდისიერება წარმატებული და მდგრადი ბიზნესის მთავარი გასაღებია. არაკეთილსინდისიერი, მატყუარა და სიცრუეზე დამფიცებელმა ვაჭარმა შეიძლება თავდაპირველად გარკვეულ სარგებელსაც მიაღწიოს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, იგი გაკოტრების სახით უმძიმეს ზარალს განიცდის. და ეს ზარალი მხოლოდ ამქვეყნიური გაკოტრებით არ სრულდება, უამრავი ადამიანის მოტყუების გამო, მას მარადიულ სამყაროში, ალლაჰის მიერ დაპირებული სასჯელი ელოდება. შუამავალი ბრძანებს: „პატიოსანი ვაჭრები, შუამავლებთან, მართალთა და ალლაჰის გზაზე (შეჰიდებთან) დაცემულთა გვერდით იქნებიან“. ( თირმიზი, ბუიუ’ი, 4) ყოველგვარი არაკეთილსინდისიერი საქმიანობა საზოგადოებაში ქაოსს, უნდობლობასა და ურთიერთდაპირისპირებას ბადებს. აქედან გამომდინარე, სრულიად დაუშვებელი და გაუმართლებელია, როდესაც ვინმე პირადი სარგებლის მიღების მიზნით, აიათებსა და ჰადისებს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს. შუამავალი ბრძანებს: „ო, ვაჭართა საზოგადოებავ! ჭეშმარიტად, ვაჭრები განკითხვის დღეს აღდგებიან, როგორც ცოდვილები, გარდა მათი, ვისაც ეშინია ალლაჰის, სიტყვის ერთგულია და სიმართლეს ლაპარაკობს". (თირმიზი, ბუიუ’ი, 4) ვაჭრობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ორ ძირითად ასპექტს – ზომასა და წონას ენიჭება. სინამდვილეში, ეს ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხია, რომლის ზუსტ და სამართლიან დაცვას ყოვლისშემძლე ალლაჰი პირდაპირ გვიბრძანებს: „როცა რამეს წყავთ, სრულქმენით საწყაო და აწონეთ ჭეშმარიტად და სამართლიანად. აი, ეს უფრო უკეთესი და უფრო მშვენიერია შედეგის მხრივ!“ (ისრა, 17/35) ძვირფასო მორწმუნეებო, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ საარსებო წყაროს მომნიჭებელი ყოველი სულიერი არსებისთვის დიადი ალლაჰია. რამდენიც არ უნდა ვიშრომოთ და ვეცადოთ, თუ ალლაჰის ნება არ იქნება, ვერაფერს მივაღწევთ და ჩვენი ძალისხმევა უშედეგო დარჩება. კეთილსინდისიერი შრომა აუცილებელია და მის გარეშე საარსებო წყაროს მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, სარგებლის მიღებისა თუ ვაჭრობის პროცესში, სიმდიდრის დაგროვების სურვილით, ზომასა და წონას განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ, რადგან მოტყუებული გრამებითა და თეთრებით, ჩვენ რეალურად, არა ბარაქას მოვიგებთ, არამედ იმაზე მეტს აუცილებლად დავკარგავთ, ვიდრე ალლაჰის წინაშე წარდგომის დღეს დაგვრჩება. და რა საჭიროა ისეთი სიმდიდრე, რომლის ფასადაც ალლაჰის რისხვას დავიმსახურებთ? აიათში თავად ალლაჰი შემდეგ გვაფრთხილებს: „ვაი მათ, ვინც ზომასა და წონაში ატყუებს!“ (83/1) ეს პირდაპირი გაფრთხილება მორწმუნისთვის სრულებით საკმარისი და საყურადღებო უნდა იყოს, ვისაც განგითხვის შიში აქვს. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელსაც მუსლიმმა ვაჭრებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, არის ნაკლიანი საქონლის დაუფარავად გაყიდვა. თუ გასაყიდ საქონელს რამე დეფექტი აქვს, მისი დაფარვა დაუშვებელია. პირიქით, ნაკლი ყველასთვის აშკარად შესამჩნევი უნდა იყოს, რადგან სიცრუე ალლაჰის მიერ აკრძალული ქმედებაა. (22/30) ასეთი გზით მიღებული მოგება, მორწმუნე ადამიანისთვის, სრულიად მიუღებელია, ვინაიდან იგი ისლამის ეთიკურ ჩარჩოებს სცდება. შეუძლებელია, მსგავსმა მოგებამ ადამიანს სულიერი სიმშვიდე მოუტანოს ან ქონებას ბარაქა შესძინოს. ერთ-ერთ ჰადისში ჩვენი საყვარელი შუამავალი აფრთხილებს მათ, ვინც დეფექტურ საქონელს ყიდის: „ადამიანი, რომელიც ქონებას თავისი დეფექტის გამომჟღავნების გარეშე ყიდის, ყოველთვის ალლაჰის რისხვის ქვეშაა, ხოლო ანგელოზებს სურთ, ასეთი ადამიანი ალლაჰის წყალობისგან შორს იყოს“. (იბნი მაჯე, ბუიუ’ი 45) მორწმუნეებო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაჭრობისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფულს ეხება, ეშმაკისთვის ადამიანის შეცდენა ბევრად უფრო იოლია. იქნება ეს შემოსავალი ქრთამის სახით თუ სხვა აკრძალული გზებით მოპოვებული, მათგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ. ალლაჰი ბრძანებს: „არაკანონიერად არ შეჭამოთ ერთმანეთის ქონება და არ ჩაიდინოთ შეგნებულად ეს; ქრთამი არ მისცეთ მსაჯულებს, რათა ხალხს ქონების ერთი ნაწილი უსამართლოდ შეაჭამოთ“. (2/188) ვაჭრობისას კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა საქონლის გაყიდვის დროს რამეზე დაფიცება. ამის შესახებ შუამავალი (ს.ა.ვ.) ბრძანებს: „ვაჭრობის დროს დაფიცებას მოერიდეთ, რადგან ფიცი თუ საქონელს გაყიდინებს, ხვავსა და ბარაქას წარხოცავს“. (იბნი მაჯე, ბუიუ’ი, 30) დიადი ალლაჰი კი ფიცის შესახებ ყურანში ბრძანებს: „ალლაჰი არ დაგსჯით იმ ფიცისთვის, რომელიც განზრახ არ წარმოგითქვამთ, მაგრამ დაგსჯით იმაზე, რაც თქვენმა გულებმა მოიხვეჭა. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, შემწყნარებელია!“ (2/225) ზემოთ აღნიშნული საკითხების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქონლის საფასურის დროული გადახდა. მორწმუნე არც ატყუებს და არც თავს ატყუებინებს. მუსლიმმა ვალი დროულად უნდა გადაიხადოს, რათა უნდობლობის ფაქტორი მინიმუმამდე დავიყვანოთ. ყურანი ქერიმი გვასწავლის: „და ისინი, ვინც მათზე დადებულ აღთქმას და ანდერძს იცავენ“. (23/8) ასეთი თვისებების მატარებელი ადამიანები უმაღლეს სამოთხეში ფირდევსის ბაღებში დაიმკვიდრებენ ადგილს. სხვა აიათში ვკითხულობთ: „და არ მიეკაროთ ობლის ქონებას, გარდა სიკეთით, სანამ არ გახდება სრულწლოვანი. და აღასრულეთ აღთქმა. უეჭველად, აღთქმა პასუხისმგებლობაა!“ 17/34 ასევე ნაბრძანებია: „ჰე თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ ერთმანეთისგან ვალს იღებთ გარკვეული ვადით, დაწერეთ ეს (ხელწერილი). და დაწეროს ეს სამართლიანად მწერალმა თქვენ შორის…“ 2/282 არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ გამყიდველსაც აქვს გადასახდელი თანხა და ჩვენი დაუდევრობით მას დამატებითი პრობლემები არ უნდა შევუქმნათ; პირიქით, ადამიანების წარმატების მისაღწევად ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. შუამავალი ბრძანებს: „ალლაჰმა სამოთხეში დაამკვიდრა ის ადამიანი, რომელიც იოლად იქცევა ყიდვა-გაყიდვის დროს და რომელიც იოლად იქცევა ფულის სესხებისა და ვალის გასტუმრების დროს“. (თირმიზი, ბუიუ’ი, 75) ამ ყველაფერზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ ზექათის სახით რამის გაცემა სიმდიდრის შემცირებას ნამდვილად არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად შეიძლება ასე ჩანდეს, სინამდვილეში ქონებას ხვავი და ბარაქა უფრო ემატება. (2/268) როგორც ამქვეყნად, რამის გაღებისას, მის სანაცვლოდ სხვა სიკეთეს ვიძენთ, ასევეა ზექათიც, მისი გაცემით, როგორც ბარაქა გვეძლევა, ასევე, ალლაჰის წინაშეც დიდ ჯილდოს ვიმსახურებთ. ყოვლისშემძლე ალლაჰი გვიბრძანებს: „უთხარი: უეჭველად, ჩემი უფალი უზრდის ან უზღუდავს საზრდოს თავის მსახურთაგან იმას, ვისაც ინებებს. და რასაც დახარჯავთ, იგი მის ადგილს შეავსებს. და ის არის საუკეთესო საზრდოს მომმადლებელი!“ (34/39) ამ გზით, არა მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილებას მოვიპოვებთ, არამედ ადამიანთა გულებსაც მოვიგებთ. (3/134) ალლაჰის მიერ დადგენილი ალალი გზებით ვაჭრობა, უპირველეს ყოვლისა, მისი კმაყოფილების მოპოვებაა, რაც ჭეშმარიტი მორწმუნისათვის ყოვლად მნიშვნელოვანია. (2/168) რამდენადაც რთულად არ უნდა გვეჩვენებოდეს, დღეს ისმის ჩარჩოების შესაბამისად ვაჭრობა, რაც სრულებით შესაძლებელია ისე, რომ წარმატებას მივაღწიოთ. (2/268) როდესაც ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებს ვიცავთ, გამჩენი მოგვმადლის ხვავსა და ბარაქას, გაგვიიოლებს სირთუელეებს და წარმმატებას გვიწყალობებს. (65/2-3) წყაროები 1. ყურანი, სურა ჯუმა, 62/10 2. ყურანი, სურა ბაყარა 2/275 3. ყურანი, სურა ნისა 4/29-30 4. ყურანი, სურა ნური, 24/37 5. ყურანი, სურა ისრა, 17/35 6. ყურანი, სურა მუთაფიფინი, 83/1 7. ყურანი, სურა ჰაჯი, 22/30 8. ყურანი, სურა ბაყარა, 2/188 9. ყურანი, სურა ბაყარა, 2/225 10. ყურანი, სურა ბაყარა, 2/268 11. ყურანი, სურა მორწმუნენი, 23/8 12. ყურანი, სურა ისრა, 17/34 13. ყურანი, სურა ბაყარა, 2/282 14. ყურანი, სურა სებე, 34/39 15. ყურანი, სურა ბაყარა, 2/168 16. ყურანი, სურა ბაყარა, 2/268 17. ყურანი, სურა ტალაყი, 65/2-3 ჰადისები: 1. თირმიზი, ბუიუ’ი, 4 2. იბნი მაჯე, ბუიუ’ი, 45 3. იბნი მაჯე, ბუიუ’ი 30 4. თირმიზი, ბუიუ’ი 75 5. თირმიზი, ბუიუ’ი , 4 თეოლოგი რამაზ ბერიძე