დრო:
10.1.2026

ს უ ნ ნ ე თ ი გზამკვლევი - შუამავალი მუჰამმედი

რამაზ ბერიძე

უზენაესი გამჩენის მიერ ზეშთაგონებული ყურანი, რა თქმა უნდა, ერთბაშად არ ზემოვლენილა და ის სამაგალითო შუამავალს 23 წლის განმავლობაში ჩამოსდიოდა.¹ ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) ზნეობა, სისპეტაკე, ღვთისმსახურება, ოჯახთან დამოკიდებულება თუ ნებისმიერი სხვა სახის ქმედება, არა მარტო იმდროინდელი მუსლიმი თემისთვის, არამედ დღევანდელ მორწმუნეთათვისაც საუკეთესო მაგალითია. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ის არც ანგელოზი ყოფილა და არც რაიმე სხვა თვისებების მქონე პიროვნება, ის მხოლოდ ადამიანთა შორის რჩეული² და მთელი სამყაროთათვის წყალობად წარმოგზავნილი სამაგალითო გზამკვლევია. მის მიერ განვლილი გზა კი ნამდვილად სავსეა სანიმუშო ქმედებებითა და ფასდაუდებელი სიტყვებით.³ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.), თავისი სიცოცხლის განმავლობაში, იდეალური ცხოვრების სტილი გვიჩვენა. მუსლიმისთვის, მისი უნიკალური სუნნეთის სათანადოდ შესწავლა და ცხოვრებაში გატარება, ისლამის ჭეშმარიტად გაგებისა და ადამიანის ღირსეული სიცოცხლის წარმოსაჩენად აუცილებელია, ვინაიდან უზენაესი ალლაჰი მის უპირობო მორჩილებას ბრძანებს: „უთხარი შენ (მუჰამმედ: თუ გიყვართ ალლაჰი, გამომყევით მე, რომ ალლაჰმა შეგიყვაროთ თქვენ და შეგინდოთ ცოდვები თქვენი, რადგან ალლაჰი შემწყნარებელი და მწყალობელია“⁴ ამ აიათის თანახმად, ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) მორჩილება ხომ ყოვლისშემძლე გამჩენის მორჩილებას ნიშნავს: „ვინც ჰმორჩილებს შუამავალს, უეჭველად, ის ალლაჰის მორჩილია. და ვინც შეგაქციოს სახე, მაშ, არ წარგვიგზავნიხარ შენ მათდა გუშაგად!“⁵ როგორც ვხედავთ, უზენაესი ალლაჰი მორწმუნეების შუამავლისადმი გულწრფელ მორჩილებას იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ ვინც მის რომელიმე საკითხს გულგრილად მიიჩნევს, არასრულყოფილ მორწმუნედ ითვლება. მის მიერ რელიგიის შესახებ წარმოთქმული ყოველი შეფასება დიადი გამჩენის ნების შესაბამისი იყო, ამიტომ მისი არცერთი ქმედება უზენაესისთვის მიუღებელი არ ყოფილა. ამ ყველაფრის გამოა, რომ მისი მორჩილება უზენაესის მორჩილებაა, მისი უგულებელყოფა კი, უზენაესის უგულებელყოფას ნიშნავს. ჰადისში ვკითხულობთ: „ვინც მე მემორჩილება, ის ჰორჩილებს ალლაჰს, ხოლო ვინც არ მემორჩილება, ის ეურჩება ალლაჰს...“⁶ ვინც უზენაეს ალლაჰს და მის შუამავალს ემორჩილება, ჭეშმარიტ გზას ადგას, ვინც მათ უგულებელყოფს, მხოლოდ საკითარ თავს მოუტანს ზიანს და უზენაეს ალლაჰს ვერავითარ შემთხვევაში ვერაფერს დაუშავებს. ვინც შუამავალს დაემორჩილა, ჯილდოდ სამოთხე ებოძა⁷, ხოლო, ვინც წინააღმდეგ წავიდა მძიმე სასჯელი ელოდება.⁸ ალლაჰი ბრძანებს: „ვინც აღუდგება ალლაჰსა და მის შუამავალს, და გადავა მის (ალლაჰის) საზღვრებს, მას იგი შეიყვანს ცეცხლში, სადაც სამუდამოდ დარჩება და მისთვისაა სასჯელი დამამცირებელი!“⁹ ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ხშირად ყურანის ძნელად გასაგებ აიათებს მარტავდა, ასევე, ზოგჯერ მათზე ზოგადად საუბრობდა, ხანჯერ კი რამდენიმე საკითხს დაწვრილებით ხსნიდა. აქედან გამომდინარე, ყურანში ლოცვის შესრულება ნაბრძანებია¹⁰, თუმცა ლოცვის შესრულების წესებზე არაფერია ნათქვამი, ამიტომ ლოცვის დროებისა და მისი შესრულების ფორმას ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) გვიხსნის: „ლოცვა ჩემს მსგავსად შეასრულეთ!“¹¹ ასევე, გვასწავლის ჰაჯობის მნიშვნელობას: „ჰაჯობაზე შესასრულებელი ღვთისმსახურება ჩემგან ისწავლეთ!“¹² უზენაესისგან ზეგარდმოვლენილ ყურანს ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ხალხისთვის მარტავდა, რათა მათთვის უფრო იოლად მისახვედრი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ იყო ის საზოგადოების ბრწყინვალე გზამკვლევი და საუკეთესო მაგალითი. ალლაჰი გვამცნობს: „მოვავლინეთ შენზე შეხსენება (ყურანი), რათა განუმარტო ხალხს, რაც ზეგარდმოვუვლინეთ მათ, ეგების დაფიქრდნენ!“¹³ ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.), ყურანის კომენტირების გარდა, იმ საკითხებს განმარტავდა, რომლებიც საჰაბეთათვის გაუგებარი იყო. ყურანში ვკითხულობთ: „...იგი უბრძანებს მათ კეთილის გაკეთებას და უკრძალავს გასაკიცხს, და ნებას რთავს საამოს (რომელიც მათი შარიათით იყო აკრძალული) და უშლის საძაგელს (როგორც ლეში და მსგავსი მისი)“.¹⁴ ამის შესანიშნავი მაგალითი კი ხეიბერის დღეს ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) მიერ დაწესებული რამდენიმე აკრძალვაა. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ბრძანა: „ნუთუ რომელიმე თქვენგანი კუთხეში მიმწყვდეული (უვიცობის გამო) ზის და ფიქრობს, რომ ალლაჰი არაფერს კრძალავს გარდა იმისა, რაც აკრძალა ყურანში? ეს კარგად იცოდეთ: ვფიცავ ალლაჰს, მე გირჩიეთ (ზოგიერთი რამ), ასევე გიბრძანეთ (ზოგიერთი რამ) და აგიკრძალეთ (ზოგიერთი რამ). ეს ყოველივე ან ყურანის მსგავსი ან უფრო მეტია“.¹⁵ სხვა მაგალითია: „და რაც მოგცათ თქვენ შუამავალმა, აიღეთ იგი; ხოლო რაც აგიკრძალათ, თავი შეიკავეთ მისგან!“¹⁶, და ასევე: „თქვენ, რასაც გიბრძანებთ, ის შეასრულეთ, რასაც აგიკრძალავთ, მას განერიდეთ!“ ¹⁷ ყურანის შემდეგ, ისლამის მეორე აუცილებელი წყარო, სუნნეთია. ის ისლამის განუყოფელი ნაწილია. შაფიღʿი ისლამურ სამართალში სუნნეთს ყურანის შემდეგ მეორე მნიშვნელოვან წყაროდ მიიჩნევს. მეტიც, ზოგიერთი სწავლულის აზრით, შაფიღʿიმ სუნნეთის სავალდებულო ძალა ყურანთან თანაბარ დონეზე დააყენა. იგი აღნიშნავს, რომ სუნნეთი ამ სტატუსს სწორედ ყურანიდან იღებს.¹⁸ მიუხედავად სუნნეთის წყაროსებრი უნიკალურობისა, დღეს მსოფლიოში ცალკეული ჰადისების თვითნებურად შემფასებლები და მოწინააღმდეგეები მაინც არსებობენ. მათ მოსაზრებებს კი საფუძვლად ცალკეული წინააღმდეგობრივი მოწოდებები უდევს: „ყურანი საკმარისია“, „ყურანის ისლამი“, „ყურანის ირგვლივ ტრიალი“ და სხვა. ჩვენ კი არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ უზენაესი ალლაჰი შუამავლისადმი (ს.ა.ს.) როგორც უპირობო მორჩილებას გვიბრძანებს¹⁹, ასევე გვამცნობს მისი სიძვირფასისა და წარმოგზავნის მიზეზს: „ჰეი, შუამავალო, უეჭველად, ჩვენ წარგგზავნეთ მოწმედ, მახარობლად და შემგონებლად! და მომწოდებლად ალლაჰისკენ, ნებითა თვისა და მანათობელ ლამპრად!“²⁰ რომელიც ყველა მორწმუნისთვის უნაკლო მაგალითის მომცემია. ასევე, ყოვლად დაუშვებელია სუნნეთის ცალკე ნაწილად გამოყოფა ან მხოლოდ ყურანით კმაყოფილება. რადგან ყურანი და მუჰამმედის (ს.ა.ს.) უნიკალური სუნნეთი ისეთივე ერთობლიობაა, როგორც ადამიანის სხეული და სული. ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) სუნნეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში გატარება მორწმუნეებს იდეალურად აყალიბებს და სამაგალითო მორწმუნეებად წარმოაჩენს. რამეთუ მისი ყოველი სიტყვა სამაგალითო და ძვირფასია: „ვფიცავ ალლაჰას, რომელსაც ჩემი სიცოცხლე აბარაია (დალოცვლი ხელით პირისკენ მიანიშნა), რომ აქედან მხოლოდ ჭეშმარიტება გარდმოვა²¹.“ რამდენიც არ უნდა ისაუბრონ, სუნნეთისა და ჰადისის უარმყოფელების მოსაზრება, ყოველგვარ სამართლეს მოკლებულია, რადგან ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „როცა თქვენ რამეს გიკრძალავ ან გიბრძანებ, თქვენგან რომელიმემ, თავისი უვიცობით მარტოდ კუთხეში აღმოჩენილმა, არ თქვას: „რაც ჩვენ ალლაჰის წიგნში ვნახეთ, მას მივყვებით და ჰადისს არ ვცნობთო“, ასეთი არავინ შემხვდეს!“²² სუნნეთი, უპირველესად, ყურანის პრაქტიკაში სწორად გამოყენებას გვასწავლის და მისი ცალკე წარმოდგენა დაუშვებელია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რომ არა სუნნეთი, ყურანის ჭეშმარიტად გაგება და ისლამზე სწორად მსახური შეუძლებელი იქნებოდა. ღ'ამრი (რ.ა.) გადმოგვცემს: „ისეთი ადამიანები იარსებებენ, რომ ყურანის ორაზროვანი აიათებით (მუთეშაბიჰი) თქვენს წინაარმდეგ საუბარს დაიწყებენ. ასეთ დროს მათ სუნნეთი აუხსენით. ვინც სუნნეთის გარშემოა, ის ყურანის ყველაზე კარგი მცოდნეა“²³ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) თავისი თანამოაზრეები ცხოვრების ყველა სფეროში გაარკვია და მათ შესაბამისი ცოდნაც გადასცა, მათ მონოთეიზმის (თევჰიდი - ერთღმერთიანობა) მნიშვნელობა ყველაზე საუკეთესოდ აჩვენა. ყოველგვარი ამქვეყნიური სიმდიდრისგან შორს მყოფმა ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.), კაცობრიობას გულით მხოლოდ უზენაესის სიყვარული, მისი შეცნობა, მისი შიში და ღვთისმსახურება ასწავლა. ყურანში ვკითხულობთ: „და არ წარგვიგზავნიხარ შენ, თუ არა მოწყალებად სამყაროთათვის!“ ²⁴ ასევე, ასწავლა ყოველგვარი ზნეკეთილობა: ზრდილობა, სირცხვილი²⁵, შებრალება²⁶, თანაგრძნობა და ერთგულება, ყოველი სასიკეთო საქმის ალლაჰის სახელით დაწყება²⁷, „ბისმილლაჰ“ - წარმოთქმით საკვების მირთმევა²⁸, ღვთის კმაყოფილების მოპოვება²⁹, პატარების მიმართ სიყვარული და შებრალება, უფროსების მიმართ კი პატივისცემით მოქცევა³⁰, სხვისი შეცდომების დაფარვა.³¹ აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მუსლიმებს ასწავლა იდეალური ოჯახის შექმნა: მუსლიმისთვის შესაფერისი მეუღლის შერჩევა³², ბავშვების აღზრდა³³, მშობლების შვილების მიმართ მოვალეობები³⁴, მეგობრობა, ძმობა, ერთიმეორეზე მისალმება³⁵, საჩუქრის გაკეთება³⁶, ავადმყოფის მონახულება³⁷, საზოგადოებრივ ქონებაზე გაფრთხილება³⁸, ვაჭრობა³⁹, ვალის გასტუმრება ⁴⁰. ყოველივე ეს მომღამიარი სახით ასწავლა და ბრძანა, რომ ესეც მოწყალების სახეობაა ⁴¹. ამრიგად, ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) მუსლიმებს თავისი ცხოვრებითა და საუკეთესო ზნეობით ასწავლა ისლამის რელიგია და მათი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია. ჰადისში ვკითხულობთ: „ნათელი მიჰმადლოს ალლაჰმა იმის სახეს, რომელმაც ჩემი სიტყვა გაიგონა, დაიზეპირა და სხვებს გადასცა“.⁴² ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) სუნნეთმა საზოგადოებრივი და პიროვნული ცვლილებები შემოიღო და ახალ ცივილიზაციას ჩაუყარა საფუძველი — გოგონების ცოცხლად დამარხვით დაწყებული, მსგავსი სხვადასხვა უმსგავსო საქციელით⁴³ დამთავრებული, იმ უვიცობის ხანაში რა უსამართლობაც არსებობდა, საერთოდ ყველაფერი გააუქმა.⁴⁴ მექას გათავისუფლების დღეს მექელების მის მიმართ გამოვლენილი აურაცხელი დამცირებისა და აღუწერელი ბოროტების მიუხედავად, მათ მაინც ყველაფერი აპატია⁴⁵. ვინც ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) სუნნეთი მოიწონა და საკუთარ ცხოვრებაში გაატარა, ადამიანთა შორის საუკეთესო მორწმუნედ ჩამოყალიბდა (ალი იმრანი 3/110)⁴⁶ და სამაგალითოდ მოვლენილი შუამავლის (ს.ა.ს.) სანიმუშო მიმდევრად ჩაიწერა⁴⁷. ძვირფასო მორწმუნეებო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) მიმდევრები, რომელიც ჩვენზე უზომოდ შეყვარებული იყო და ყოველთვის თავის მიმდევრებზე ფიქრობდა — ამას ალლაჰი ასე გვამცნობს. ⁴⁸ როდესაც მას ტაიფში ქვები ესროლეს და სისხლი სდიოდა, ალლაჰის სასჯელისთვის მაინც ვერავინ გაიმეტა და თვალცრემლიანმა მათთვის ვედრება აღავლინა.⁴⁹ ასევე, ყველა შუამალი თავისი თემისათვის ვედრებას აღავლენდა. მუჰამმედმა (ს.ა.ს.) კი ეს ვედრება განკითხვის დღეს უნდა აღავლინოს და ალლაჰის უმეტეს მიტევება უნდა სთხოვოს.⁵⁰ ამიტომ, როცა მის სახელს გავიგონებთ, ყურანის თანახმად სალამი უნდა გავუგზავნოთ⁵¹. მიუხედავად მისი სპეტაკი და სამაგალითო ცხოვრებისა, რომელიც საუკუნეებია კაცობრიობისათვის ნიმუშად ვრცელდება, დღესდღეისობით თითქოს სუნნეთის უკეთესად გაგება ხდება და მასში რაღაცები არ მოსწონთ. ალლაჰის მიერ დალოცვილი სამაგალითო პირის ცხოვრებაში, ზოგიერთ საკითხს ეჭვის თვალით უყურებენ და მასში ვითომ ცდომილებას ხედავენ, რომელიც სიმართლეს ძირფესვიანად მოკლებული და დაშორებულია. მას ისლამის ჭეშმარიტ გაგებასთან არანაირი კავშირში არ აქვს და ისლამის კონტექსტიდან ამოგლეჯილია ⁵². ჰალილ იბრაჰიმ ქუთლაი ამ საკითხს ასე განმარტავს: „ეჰლი სუნნეთის თანახმად, სუნნეთი არასდროს შეიძლება ჩაითვალოს ყურანისაგან განცალკევებით. სუნნეთი ყურანის ულამაზესი ინტერპრეტაცია და უნიკალური გამოყენებაა. ყურანის სუნნეთისგან, ან სუნნეთის ყურანისგან გამოყოფა ყურანის წინააღმდეგ წასვლაა. მტკიცება, რომ ადამიანი მხოლოდ ყურანს უნდა დაეყრდნოს და სუნნეთი უნდა მიატოვოს, ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი ქმედებაა. ყურანში, სადაც ალლაჰისადმი მორჩილებაა ნახსენები, მასთან ერთად შუამავლისადმი მორჩილებაც გვხვდება“⁵³. სწორედ ძვირფასი შუამავალი გვასწავლის და გვაცნობს ალლაჰისადმი მორჩილების ფორმასა და მნიშვნელობას. ყურანის თანახმად, ჩვენს შუამავალზე მინიჭებული ღვთიური ბრძანება „განმარტების“ მოცემაა. ყურანში ვკითხულობთ: ო, შუამავალო, აუწყე, რაც ზემოგევლინა შენ შენი ღმერთისგან!“⁵⁴ მან ეს მისია უნიკალური სახით შეასრულა, თავისი ცხოვრებით ნათლად განმარტა ყურანი და მის საუკეთესო პრაქტიკულ განხორციელებაში წარმოაჩინა⁵⁵. როგორც წარსულში, ასევე დღესაც, ისლამის არასწორი გაგებისა და დამახინჯების მიზნით, მავანნი ათასგვარ არარსებულ უვიცობას წერენ და ავრცელებენ. იმისთვის, რომ მსგავს გზააცდენილობასა და უვიცობაში არ აღმოვჩნდეთ, არსებული რეალური საფრთხის სათანადოდ გააზრება და სუნნეთზე გაფრთხილება გვჭირდება. ამ საკითხს ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ასე გვაცნობს: „თქვენ ორ რაღაცას გიტოვებ, არ გადაცდებით ჭეშმარიტ გზას, თუკი ალლაჰის წიგნსა და შუამავლის გზას ჩაეჭიდებით!“⁵⁶ ძვირფასო მუსლიმებო, ისლამი ხომ ერთიანობას, ყურანის პატივისცემას და ალლაჰის მსახურებას გვასწავლის. აქედან გამომდინარე, ოქროს ასოებით ჩაწერილ ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) სუნნეთს ყურადღება მივაქციოთ, მისი უძვირფასესი ვედრებები გავიხსენოთ და ყოველდღიური ცხოვრების მოკრძალებული ქმედებები ცხოვრებაშივე ავსახოთ. იმამი მალიქი სუნნეთს ნუჰ შუამავლის გემს ამსგავსებს და ბრძანებს: „ვინც მასზე ავა, გადარჩება; ვინც არ დაჯდება, დაიხრჩობა“⁵⁷. გავიხსენოთ მისი მოკრძალებული ყველა სიტყვა და ერთი წუთით თავი მის გვერდით წარმოვიდგინოთ, რაც ნამდვილად საკმარისია სუნნეთის არსის მისახვედრად. დასასრულს კი მინდა საუკეთესო ზნეობის და წყალობად წარმოგზავნილი ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) ვედრება მოვიყვანო: „ღმერთო ჩემო, წილად მარგუნე შენი სიყვარული! შემმადლე ძალა, დავიმსახურო ისეთი ვინმეს სიყვარული, რომელთა სიყვარული შენს სიყვარულში სასარგებლოდ გამომადგება!“⁵⁸ 1. ალაყი, 96/1-5; ბუხარი, თეფსირულ ყურანი,74; ადემ აფაქი, ı, ისლამის ისტორია, გვ. 400 2. ისრა, 17/93 3. ენბია, 21/33 4. ალი იმრანი, 3/31 5. ნისა, 4/80 6. მუსლიმი, იმარე, 33 7. ნისა, 4/13 8. ებუ დავუდი, სალათი, 221,223 9. ნისა, 4/14 ¹⁰ ნისა, 4/103 ¹¹ ბუხარი, ეზანი, 18 ¹² მუსლიმი, ჰაჯი, 310 ¹³ ნაჰლი, 16/64 ¹⁴ ეღრაფი, 7/157 ¹⁵ ებუ დავუდი, ჰარაჯი, 31/33 ¹⁶ ჰაშრი 59/7 ¹⁷ იბნი მაჯე, სუნნეთი, 1 ¹⁸ იმამი შაფიღ’ი, ფუათ ისთემი, 2016, ტომი: 8, გვ. 642 ¹⁹ ნისა, 4/80 ²⁰ აჰზაბი, 33/45-46 ²¹ აჰმედ ბ. ჰანბელი, მუსნედი: 2/162;192; ებუ დავუდი, სუნენი, ილიმი, 3636 ²² თირმიზი, ისლამი, 10 ²³ დარიმი, მუყადდიმე, 17 ²⁴ ენბია, 21/107 ²⁵ თირმიზი, რადა, 10 ²⁶ ბუხარი, ედები, 18 ²⁷ იბნი ჰანბელი, II, 360 ²⁸ თირმიზი, ეტღ’იმე, 47 ²⁹ მუსლიმი, იმამი, 93 ³⁰ თირმიზი, ბირრი, 15 ³¹ ებუ დავუდი, ედები, 38 ³² ბუხარი, ნიქაჰი, 15 ³³ თირმიზი, ბირრი, 33 ³⁴ მუსლიმი, სიამი, 183 ³⁵ ებუ დავუდი, ედები, 132-133 ³⁶ თირმიზი, ველა, 6 ³⁷ ებუ დავუდი, ჯენაიზი, 3 ³⁸ ებუ დავუდი, იმარე, 9-10 ³⁹ თირმიზი, ბუიუ’ი, 4 ⁴⁰ თირმიზი, ბუიუ’ი, 67 ⁴¹ თირმიზი, ბირრი, 36 ⁴² თირმიზი, ილიმი, 7 ⁴³ ალი იმრანი, 3/164 ⁴⁴ ბუხარი, მეღაზი, 77; ვაყიდი, მეღაზი, III, 1103 ⁴⁵ ვაყიდი, მეღაზი, II, 835-837 ⁴⁶ ალი იმრანი, 3/110 ⁴⁷ ბაყარა, 2/143 ⁴⁸ თაჰრიმი, 9/128 ⁴⁹ იბნი ჰიშამი, სირეთი, II, 60-63; იბნი საღ’დი, ეტ-ტაბაყათი, I, 210-212 ⁵⁰ მუსლიმი, იმანი, 341 ⁵¹ აჰზაბი, 33/56 ⁵² ალი იმრანი, 3/31 ⁵³ ნისა, 59; ენფალი, 20; მუჯადილე, 13 ⁵⁴ მაიდე, 5/67 ⁵⁵ ჟურნალი „ფეიაზი“, რატომ ეჰლი სუნნეთი? შუამავალი და საჰაბეების გზა, ნო: 271, 2014 იანვარი ⁵⁶ მუვატტა, ყადერი, 3 ⁵⁷ სუიუტი, მიფთაჰულ ჯენნეთი, გვ. 53-54 ⁵⁸ თირმიზი, დე’ავათი, 75