დრო:
27.12.2025

ყურანის კითხვის მადლი და მნიშვნელობა — ეჰლი სუნნეთის ხედვა

რეზო მიქელაძე

ყურანი ისლამურ თეოლოგიაში წარმოადგენს არა მხოლოდ რელიგიურ ტექსტს, არამედ ღვთაებრივ გზავნილს, რომელიც ერთდროულად მოქმედებს რწმენაზე, ეთიკასა და პრაქტიკულ ცხოვრებაზე. ეჰლი სუნნეთის სწავლულთა კონსენსუსით, ყურანთან ურთიერთობა მრავალგანზომილებიანია და არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი გაგებით ან მხოლოდ რიტუალური წაკითხვით. ამ სტატიაში განხილულია ყურანის კითხვის (თილავათი) მადლი, გააზრების (თედებბური) მნიშვნელობა და ამ ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება, კლასიკური წყაროების ანალიზის საფუძველზე. 1. ყურანის ონტოლოგიური სტატუსი ეჰლი სუნნეთში ეჰლი სუნნეთის მრწამსის მიხედვით, ყურანი არის ალლაჰის სიტყვა, რომელიც არ არის ქმნილი და გადმოცემულია არაბულ ენაზე. სწორედ არაბული ტექსტი წარმოადგენს ყურანს მისი სრული შარიათული მნიშვნელობით, იმ დროს, როცა თარგმანები განიხილება, როგორც განმარტება. იმამ ებუ ჰანიფეს მიხედვით, ყურანის არაბული ტრანსკრიფციით კითხვა თავისთავად ღვთისმსახურებაა, მიუხედავად იმისა, სრულად ესმის თუ არა მკითხველს მისი მნიშვნელობა. ეს მიდგომა ეფუძნება პრინციპს, რომ ღვთიმსახურების ღირებულება ყოველთვის არ არის დამოკიდებული რაციონალურ გააზრებაზე, არამედ მორჩილებაზე. 2. არაბულად კითხვის მადლი (თილავათი) საჰიჰი ჰადისის მიხედვით, ყურანის ყოველი ასო-ბგერის წაკითხვას ახლავს განსაკუთრებული მადლი: „ვინც ალლაჰის წიგნიდან ერთ ასო-ბგერას წაიკითხავს, მას ერთი მადლი ეწერება, ხოლო ერთი მადლი ათმაგდება“¹. (თირმიზი, 291) ჰადისის ტექსტში ყურადღება გამახვილებულია „ასო-ბგერაზე“ (حرف), რაც მიუთითებს იმაზე, რომ მადლი უკავშირდება უშუალოდ ტექსტის კითხვას და არა მხოლოდ შინაარსის გაგებას. კლასიკურ წყაროებში აღნიშნულია, რომ სწორედ ამიტომ არის არაბული თილავათი ლოცვის განუყოფელი ნაწილი. 3. თედებბური — გააზრება, როგორც პასუხისმგებლობა ყურანი მკაფიოდ მოუწოდებს მორწმუნეებს მის გააზრებას: „ნუთუ ისინი არ დაფიქრდებიან ყურანზე?“ (ნისა, 4/82). ეჰლი სუნნეთის სწავლულები განასხვავებენ ყურანის კითხვის ორ კატეგორიას: სევაბი (მადლი), რომელიც მიიღება კითხვისთვის; თექლიფი (პასუხისმგებლობა), რომელიც იწყება მაშინ, როცა მნიშვნელობის გაგება შესაძლებელია. იმამი ნევევი წერს, რომ ყურანის კითხვის უმაღლესი ფორმაა გააზრება და მოკრძალება, თუმცა ჩვეულებრივი კითხვა თავისთავადაც დიდი მადლის მომტანია. (ნევევი, ეთ-თიბიან ფი ედებ ჰამალათულ-ყურანი, გვ. 73–75) ამით მტკიცდება, რომ გაგება არ აუქმებს თილავათის ღირებულებას, არამედ ამაღლებს მას და აკისრებს მორწმუნეს ქცევით პასუხისმგებლობას. 4. ყურანი და ცხოვრებისეული პრაქტიკა ეჰლი სუნნეთის მეთოდოლოგიაში ყურანი განიხილება, როგორც ცხოვრების კონსტიტუცია და არა მხოლოდ თეორიული ტექსტი. ალლაჰი მას აღწერს როგორც: „გზამკვლევი მათთვის, ვინც ღვთისმოშიშობს“. (ბაყარა, 2/2) იმამი შატიბი თავის ნაშრომში `ელ-მუვაფაყათი~ აღნიშნავს, რომ შარიათის ყველა მიზანი საბოლოოდ ყურანის გააზრებულ და პრაქტიკულ მოქმედებაზეა დაფუძნებული. (შატიბი, ტ. 2, გვ. 8–12) შესაბამისად, თილავათის გარეშე იკარგება სულიერი კავშირი, ხოლო პრაქტიკის გარეშე — ყურანის სოციალური და ეთიკური მისია. 5. გარდაცვლილთათვის ყურანის კითხვა — ფიქჰური დისკუსია ეჰლი სუნნეთის ფარგლებში არსებული ფიქჰური დისკუსიები არ უარყოფს გარდაცვლილთათვის ყურანის კითხვის სარგებელს. ჰანეფი და ჰანბელი მეზჰებები ცალსახად აღიარებენ, რომ კითხვის შედეგად მიღებული მადლი შეიძლება მიძღვნილ იქნას გარდაცვლილისადმი. შაფიღ'ის სწავლულთა დიდი ნაწილი, ასევე, დასაშვებად მიიჩნევს; მალიქი მეზჰების პოზიცია უფრო თავშეკავებულია, მაგრამ სრულ აკრძალვას არ აცხადებს; იბნი ყუდამე წერს: „ყოველი ღვთისმსახურება, რომლის მადლიც ცოცხალს ეწერება, შეიძლება მიძღვნილ იქნას გარდაცვლილისთვის“. (იბნი ყუდამე, ელ-მუღნი, ტ. 2, გვ. 568–570) ეს პოზიცია ეფუძნება ვედრების, ქველმოქმდებისა და სხვა ღვთისმსახურებების მიძღვნის დასაშვებობას, რაც სუნნეთში ფართოდ არის დამოწმებული. 6. თანამედროვე შეცდომები და ეჰლი სუნნეთის ბალანსი თანამედროვე დისკურსში ხშირად გვხვდება ორი უკიდურესობა: ერთი მხრივ, ყურანის დაყვანა მხოლოდ რიტუალურ კითხვამდე, ხოლო მეორე მხრივ — მხოლოდ ინტელექტუალურ ტექსტად წარმოჩენა. ეჰლი სუნნეთის გზა ამ ორ მიდგომას შორის ბალანსს ამყარებს და აერთიანებს მადლს, გაგებასა და პრაქტიკას. ეჰლი სუნნეთის მიხედვით, ყურანთან სრულყოფილი ურთიერთობა მოიცავს: არაბულად კითხვის მადლს; გააზრებისგან მომდინარე პასუხისმგებლობას; ცოდნის ცხოვრებაში ამოქმედებას. ამ სამივე ელემენტის ერთიანობა ქმნის იმ ეჰლი სუნნეთის მოდელს, რომელიც მორწმუნეს აძლევს სულიერ სიმტკიცეს, ეთიკურ მიმართულებას და სოციალურ პასუხისმგებლობას.