დრო:
31.12.2025

"ახალი წლის" შესახებ

რეზო მიქელაძე

„ახალი წლის“ შესახებ ჩვ. წ. ა. რამდენიმე დღეში 2026 წელი დადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ დიადი ალლაჰისგან ჩვენზე ბოძებულ სიცოცხლეს კიდევ ერთი წელი მოაკლდება და იმიერ სამყაროს ერთი წლით დავუახლოვდებით. ნებით თუ უნებლიეთ, საზოგადოებაში მუსირებს კითხვა, როგორ განიხილება ისლამში ეს საკითხი და შეიძლება თუ არა მუსლიმმა ახალი წელი აღნიშნოს? როგორც ვხედავთ „ახალი წელი“ ყოველწლიურად უფრო მეტ პოპულარობას იძენს და სულ უფრო მეტი ადამიანი აღნიშნავს მას. სინამდვილეში ახალი წლის აღნიშვნა უცხო კულტურის ნაწილია და ისლამთან საერთო არაფერი აქვს. უნდა ითქვას, რომ „შობის“ დღესასწაულით ქრისტიანული სამყარო შუამავალ ‘ისას (ა.ს.) დაბადებას აღნიშნავს. მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ გრიგორიანული კალენდრის გამოყენება დაიწყო, დროის ათვლას შუამავალი ‘ისას (ა.ს.) დაბადების დღიდან დაედო დასაბამი, რასაც მოჰყვა ყოველწლიურად ახალი წლის საზეიმოდ აღნიშვნა. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა კაცობრიობა ყოველწლიურად ახალი წლის საზეიმო ვითარებაში აღნიშვნამდე მიიყვანა. რაც შეეხება საახალწლო ნაძვის ხის დადგმას, განსაკუთრებული სუფრის გაშლას და სხვადასხვა წესის შესრულებას, როგორიცაა ფერხობა, ბედობა და მეკვლეობა, ისლამის ჩარჩოებს აცდენილი და აკრძალულია. მუსლიმები, როგორც შუამავალ ‘ისას (ა.ს.), ასევე ყველა სხვა შუამავალს ვაღიარებთ და მათი გვწამს. ეს ისლამის რწმენის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. რომელიმე შუამავლის მიმართ გამოხატული პატივისცემა იმ ფორმით უნდა გამოვლინდეს, რასაც ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის. სხვაგვარი გამოხატვის ფორმები ისლამში მიუღებელია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სარწმუნოებას თავისთვის დამახასიათებელი წესები, თავისებურებები და ტრადიციები გააჩნია. ისლამი რა თქმა უნდა არ ეწინააღმდეგება ადათ-წესებს, თუმცა აქვს დადგენილი ნორმები, რომელიც განსაზღვრავს მის მიღება-მიუღებლობას. ისლამის თვალსაზრისით, მუსლიმის სხვაზე დამსგავსება და მიბაძვა მიუღებელია. შუამავალი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „ვინც სხვა ხალხზე დამსგავსებას ცდილობს, მათიანად ითვლება“. (იხ. ქეშფულ ჰაფა, 2/240) ამრიგად, სხვა სარწმუნოების მიმდევართა ტრადიციების გადმოღება და მიმბაძველობა რელიგიური იდენტობის მოშლას გამოიწვევს, რაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. მუსლიმებმა ჩვენი რელიგიური იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ და ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ. ისლამური წელთაღრიცხვა შუამავლის (ს.ა.ს.) მექადან მედინაში გადასვლით -ჰიჯრით იწყება. რაც შეეხება გრიგორიანული კალენდარს, მისი დასაწყისი შუამავალ ‘ისას (ა.ს.) დაბადებასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ შუამავალ ‘ისას დაბადების ზუსტი თარიღი პირველი იანვარი არ არის, ქრისტიანული სამყარო ამ დღეს ამ მნიშვნელობით აღნიშნავს. დასაშვები იქნება მათზე მილოცვა, თუ მსგავსი ურთიერთობები ორმხრივია. მაგრამ მუსლიმის მხრიდან ახალი წლის ღამეს განსაკუთრებული სუფრის გაშლა, დღესასწაულისა და გართობისათვის მზადება და სხვა ტრადიციების გადმოღება აკრძალულია. ჩვენი ფეთვა ეხება მხოლოდ მილოცვას და არანაირად არ გულისხმობს დასწრებას ან მონაწილეობის მიღებას ნებისმიერი ფორმით. უნდა აღინიშნოს გარკვეული შეზღუდვები, რომ სურათი უფრო მკაფიო გახდეს. პირველი: დაუშვებელია მუსლიმისთვის ასეთი დღესასწაულების აღნიშვნა, ფეთვა მხოლოდ მილოცვას ეხება. მეორე: ყველა შემთხვევაში დაუშვებელია „ჰარამ“ საქმეში გარევა. ახალ წელს, გასული წლის ერთგვარი ანგარიში უნდა გავაკეთოთ. დაშვებული შეცდომები უნდა ვაღიაროთ და გამოსწორების გზებზე ვიფიქროთ. ასევე მომავალი წლისთვის საკუთარი თავისა და ოჯახისთვის სასარგებლო გეგმები უნდა დავისახოთ. ეჭვგარეშეა, ეს უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე ცოდვის მორევში გადაშვება. დიაიდი გამჩენი იყოს ყველა ჩვენგანის შემწე და მფარველი!