დრო:
21.10.2025

ისლამური იურისპრუდენციის (ფიქჰური) ბალანსი და ისლამური შეგნების განახლება

რეზო მიქელაძე

თანამედროვე მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევა არის შეგნების კრიზისი — მდგომარეობა, როდესაც რელიგია ხშირად აღიქმება როგორც ტრადიცია ან იდენტობის ნიშანი, მაგრამ არა როგორც ცხოვრების გონიერი პროექტი. ისლამს სჭირდება არა მხოლოდ ფორმების დაცვა, არამედ ცოცხალი გაგება, რომელიც წაიკითხავს რეალობას, მას მიმართულებას მისცემს და ადამიანებს ამ გზაზე გააერთიანებს. „და ამგვარად დაგადგინეთ თქვენ შუა (სამაგალითო-ბალანსირებულ) თემად, რათა მოწმენი იყოთ ადამიანთა მიმართ.“ (სურა ბაყარა, 2/143) 1 ეს აიათი გვიჩვენებს ისლამის ბუნებრივ ხასიათს — ზომიერებას, ბალანსს და სამართლიანობას. I. შეგნების გათავისუფლება — გამეორებისა და სიძულვილის ტყვეობიდან როცა რელიგია იქცევა მხოლოდ გამეორებად ჩვევად, რწმენა კარგავს სიცოცხლეს. ხოლო როცა რწმენას ამოძრავებს სიძულვილი, იგი ხდება ზიანი — როგორც საკუთარი სულისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ყურანი გვასწავლის: „და არ გაიძულოთ ზოგიერთ ადამიანთა მიმართ სიძულვილმა, რომ სამართლიანად არ იქცეოდეთ. იყავით სამართლიანნი, ის უფრო ახლოა ღვთისმოშიშობასთან.“ (სურა მაიდე, 5/8)2 მორწმუნე ადამიანი უნდა გათავისუფლდეს მექანიკური გამეორებისა და სიძულვილის ბურუსისგან, რათა მისი რწმენა გახდეს სინათლე და არა ბრმა ემოცია. II. ფიქჰური ბალანსის არსი ფიქჰი — ისლამური იურისპრუდენცია — არ არის მხოლოდ იურიდიული ფორმალობების სისტემა. ის წარმოადგენს სიბრძნისა და სამართლიანობის ბალანსს, რომელიც უკავშირდება ყოველი ბრძანების მიზანსა და რეალობას. „გამართეთ სასწორი სამართლიანად და არ დააკლოთ წონაში!“ (სურა რაჰმანი, 55/9) 3 მუჰამმადი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „რელიგია მარტივია, და ვინც მას გადამეტებით მოეკიდება, იგი დამარცხდება.“ (საჰიჰი ბუხარი, იმანი, 39)4 ეს ჰადისი გვასწავლის, რომ ფიქჰის არსია ზომიერება და შუა გზა, სადაც არ არის ადგილი ფანატიზმსა და უკიდურესობას. III. შეგნება, რომელიც აკავშირებს რწმენასა და პასუხისმგებლობას ისლამური შეგნება უნდა იყოს ისეთი, რომელიც რწმენას აკავშირებს პასუხისმგებლობასთან და ქცევასთან. მუჰამმადი (ს.ა.ს.) ბრძანებს: „საქმენი ფასობს განზრახვის შესაბამისად.“ (ბუხარი და მუსლიმი)5 აქედან გამომდინარე, ყოველი მოქმედება უნდა მოდიოდეს გულწრფელი განზრახვიდან და საზოგადოებრივ სიკეთეზე იყოს ორიენტირებული. როცა რწმენა და გრძნობა პასუხისმგებლობით ერთიანდება, მუსლიმი ხდება ღირებულების მატარებელი პიროვნება, რომელიც ემსახურება სამართლიანობას და კეთილდღეობას. IV. რელიგიის სული და ფორმალიზმის საფრთხე ისლამი არ არის მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა. მისი მიზანი რჩება სამართლიანობის, გონიერებისა და გულის სიწმინდის დამკვიდრება. ყურანი გვაფრთხილებს: „ნუთუ ისინი ყოველმხრივად არ გაიაზრებენ ყურანს? ან იქნებ გულთა ზედა აბია საკეტნი თვისი?“ (სურა მუჰამმედი, 47/24)6 როცა რწმენა ვერ აღწევს გულამდე და აზრამდე, იგი რჩება გარეგან ფორმად, რომელშიც იკარგება ისლამის სულიერი მიზანი. V. ღირებულებების დალაგება — რიგების დალაგებამდე ისლამური შეგნება იწყება შინაგანი წესრიგით — გონიერების, სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის აღდგენით. ყურანში ვკითხულობთ:„(ალლაჰი) სიბრძნეს მიჰმადლის, ინებებს ვისაც. ხოლო ვისაც სიბრძნე მიემადლა, უთუოდ, დაჯილდოვდა იგი უხვი სიკეთით.“ (სურა ბაყარა, 2/269)7 შენობა ვერ იდგება მყარად, თუ საფუძველი მერყევია — სწორედ ამიტომ, სულიერი და ფიქჰური წონასწორობა უნდა წინ უსწრებდეს გარეგან ორგანიზებას. VI. მორწმუნის პოზიცია — სიმართლით, არა ემოციით მორწმუნის პოზიცია არ უნდა განისაზღვროს ემოციით, იდეოლოგიით ან ინტერესით, არამედ მხოლოდ სიმართლითა და სამართლით. მუჰამმადი (ს.ა.ს.) ბრძანებს ტომობრივ მიკერძოებაზე: „თავი დაანებეთ ამ მიკერძოებას, რადგან იგი ბინძურია.“ (ბუხარი, მუსლიმი)8 სამართლიანობა და სიმართლე — ეს არის ის ღერძი, რომელზეც დგას ფიქჰური ბალანსი. ყურანში ვკითხულობთ: „იყავით სამართლიანნი — ეს უფრო ახლოს არის ღვთისმოშიშობასთან.“ (სურა მაიდე, 5/8)9 ფიქჰური ბალანსი არ არის მხოლოდ სამართლებრივი დისციპლინა — ეს არის სულიერი ხედვა, რომელიც აფასებს ყოველი მოქმედების ღირებულებას, მიზანსა და შედეგს. ისლამური შეგნების განახლება ნიშნავს რწმენის გაცოცხლებას: გონებით, რომელიც ფიქრობს, გულით, რომელიც გრძნობს, და სულით, რომელიც ღმერთისკენ ესწრაფვის. როცა ეს სამივე ერთიანდება, ისლამი აღარ არის მხოლოდ ისტორია — ის ხდება ცხოვრების გზა, რომელიც აშენებს სამართლიან საზოგადოებას და სიმშვიდეს ჰფენს გულებს. საკვანძო თემები: #ფიქჰური_ბალანსი #ისლამური_შეგნება #სამართლიანობა_და_გონიერება ყურანი, სურა ბაყარა, აიათი 143. ყურანი, სურა მაიდე, აიათი 8. ყურანი, სურა რაჰმაანი, აიათი 9. ბუხარი, საჰიჰი, წიგნი იმანი, 39. ბუხარი და მუსლიმი, საჰიჰი, „ბაბუ ნიათი“. ყურანი, სურა მუჰამმედი, აიათი 24. ყურანი, სურა ბაყარა, აიათი 269. ბუხარი და მუსლიმი, ასაბიე. ყურანი, სურა მაიდე, აიათი 8.