„ჯიჰადის“ ლექსიკური მნიშვნელობებია: სწრაფვა, ძალისხმევის გამოჩენა, ტანჯვის გადატანა, ჯაფის გაწევა, დაჟინებული მოთხოვნა, მთელი ძალის გამოვლინება. რაც შეეხება ტერმინოლოგიურ მნიშვნელობას, ღვთის გზაზე სხეულით, ქონებით, ენით, კალმით და ყველა სხვა საშუალებით, ძალისმევის გამოჩენა, მონა-მსახურთა სიკეთისთვის აბსოლუტური სამართლიანობა და ღვთიური შეტყობინების ადამიანებთან მიტანაა.[1] უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ, ჯიჰადი, დედამიწაზე ღმერთისა ბრძანებისა და ადამიანების უფლებების განმტკიცებისთვის, საკუთარი თავისა და სხვების მიმართ მუდმივი გარჯაა. შესაბამისად, ჯიჰადი ნიშნავს, განსაკუთრებით საკუთარ ვნებებთან ბრძოლას, სიკეთის ბრძანებას და ბოროტების აღკვეთას, საზოგადოებაში სიკეთის გავრცელებას და ისლამის პრინციპების შენარჩუნებას. სიტყვა „ჯიჰადი“ მოიცავს განზომილებების ფართო სპექტრს, ყურანის მეთოდის შესაბამისად, ყველგან და ყველა პოზიციიდან განათლების ხალხამდე მიტანას და ბოლოს ბრძოლას მათთან, ვინც რელიგიისა და სინდისის თავისუფლებას ხელს უშლის. შემდეგი აიათები, რომლებიც ზემოევლინა მექას პერიოდში, მაშინ როცა ომი ჯერ არ იყო დაშვებული, აშკარად ჯიჰადის ამ ფართო ცნების შესახებ მიუთითებს: „ამიტომ არ დაემორჩილო ურწმუნოებს და მისი (ყურანის) მეშვეობით აწარმოე მათთან დიადი ბრძოლა!“[2] „რომელთაც იბრძოლეს ჩვენთვის, უთუოდ, წარმატებულს ვჰქმნით ჩვენს გზაზე...“[3] ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) ეს ჰადისი: „ნამდვილი მუჯაჰიდი არის ის, ვინც თავის ვნებებს ებრძვის ღვთისადმი მორჩილების გზაზე“,[4] აშკარად ჯიჰადის ინდივიდუალურ და ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებაზე მიუთითებს, რადგან ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ღვთის ბრძანებებისა და აკრძალვების შესაბამისად შექმნას თავისი ცხოვრება, ისლამის მშვენიერების სხვებზე გადაცემას ვერ მოახერხებს. ადამიანი, რომელიც ამ მნიშვნელოვან ბრძოლას ახორციელებს, ანუ საკუთარ სულთან მიმართებაში, მაშინ ბრძოლის სხვა განზომილებაში გადადის, სიკეთის გავრცელებას პირველ რიგში იმ საზოგადოებაში იწყებს, სადაც ცხოვრობს და შემდეგ მთელ სამყაროში ავრცელებს. საჭიროების შემთხვევაში, თუ იგი დარჩება კანონის ფარგლებში, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს რეალურ ბრძოლაში. ჩვენმა შუამავალმა (ს.ა.ს.) უსამართლობის, სოციალური გადაგვარებისა და კორუფციის წინააღმდეგ დამოკიდებულება ჯიჰადად შეაფასა. „ყველაზე სათნო ჯიჰადი არის სასტიკი მმართველის წინაშე სიმართლის თქმა“.[5] „ყველა შუამავალს, რომელიც წარმოგზავნა ალლაჰმა ჩემ უწინ, ჰყავდათ თავიანთი თემიდან „ჰავარები - მოწაფეები“ და მეგობრები, რომელნიც მას გზაზე ედგნენ და მის ბრძანებებს ემორჩილებოდნენ“. შემდეგ მოვლენ სხვა თაობები, რომლებიც ამბობენ იმას, რასაც არ აკეთებენ და აკეთებენ იმას, რაც არ ბრძანებიათ. აი სწორედ, ვინც მათ წინაშე ხელით იბრძოლებს - ჭეშმარიტი მორწმუნეა; ვინც ენით იბრძოლებს - ჭეშმარიტი მორწმუნეა; ვინც გულით იბრძოლებს - ჭეშმარიტი მორწმუნეა. ვინც ამ სამ თვისებას არ გამოავლენს, იცოდეთ, რომ მასში მდოგვის მარცვლის ტოლა რწმენაც კი არ არსებობს“.[6] ეს ჰადისი გვიჩვენებს, რომ დეგრადაციისა და სხვადასხვა გადახრების მიმართ ბრძოლა ამ ტერმინში შედის. ძვირფასმა აიშამ (რ.ა.) ჯიჰადის შესახებ ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.) ჰკითხა: „ალლაჰის რჩეულო, რადგან ჯიჰადი ყოვლად სათნო რამაა, მაშ, ჩვენც (ქალები) ჯიჰადში არ უნდა ჩავერთოთ?“ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) მას ასე უპასუხა: „თქვენთვის საუკეთესო ჯიჰადი ღვთის წიაღ მიღებული ჰაჯია“.[7] ეს პასუხი, ჯიჰადის სხვადასხვა განზომილებაში გასავრცელებლად, ყოვლად მნიშვნელოვანია. რაღიბ ელ-ისფაჰანმა (გ. 502/1108) და იბნი ყაიიმ ელ-ჯევზმა (გ. 751/1350) ჯიჰადი შემდეგი ფართო ფუნქციური ასპექტით შეაფასეს: 1. ჯიჰადი საკუთარ სულთან მიმართებაში, რომელიც ჭეშმარიტი რელიგიის შესწავლით, ნასწავლის შესაბამისად ცხოვრებითა და სწავლებით, ასევე, ამ გზაზე ყველა სახის სირთულეების გაძლებით მიიღწევა; 2. ჯიჰადი ეშმაკთან მიმართებაში, იმის მცდელობით მიიღწევა, რომ რელიგიასთან დაკავშირებით, სატანის რჩევები უგულებელყო და აკრძალულების ჩადენას განერიდო. 3. ჯიჰადი ურწმუნოებთან და ფარისეველებთან მიმართებაში: ურწმუნოებთან მიმართებაში - ხელითა და ძალით; ფარისევლებთან მიმართებაში - ენით, რომელიც უფრო ძნელია, ვიდრე ურწმუნოებთან არსებულისა; 4. უსამართლოთა, მობიდ’ადეთა და ზღვარგადასულთა მიმართებაში: ჯერ ხელით, ამის ძალა თუ არ შეგწევს, ენით და თუ ამის ძალაც არ შეგწევს, მაშინ გულით.[8] როგორც ვხედავთ, ყურანსა და სუნნეთში, რომლებიც ისლამის ძირითადი წყაროებია და ასევე მუსლიმურ აღქმასა და კულტურაში, ჯიჰადი მხოლოდ ომის მნიშვნელობით არ გამოიყენება. ჯიჰადი გამოხატავს საკუთარი თავის სრულყოფისკენ სწრაფვას და შემდეგ ძალისხმევას, რომ სამყაროში მშვიდობამ დაისადგუროს. ისლამის უნივერსალური გზავნილის ადამიანებამდე მიტანა და ამ მიზნების რეალიზება, პირველ რიგში, მშვიდობიანი გზებით უნდა მოგვარდეს. ეს ყურანის პირდაპირი ბრძანებაა.[9] ამასთან, თუ ეს ამოცანა მშვიდობიანი გზებით ვერ მოგვარდება, მაშინ ბრძოლის ველზე გადაინაცვლებს, რაც ისლამის, როგორც ჭეშმარიტი რელიგიის გამოხატულებაა. სწავლულთა განმარტება აშკარად ცხადყოფს, რომ ჯიჰადის თავდაპირველი მნიშვნელობა კონფლიქტი და ომი არ არის: სინამდვილეში ომი ადამიანებს სიცოცხლეს უსწრაფავს, საცხოვრებელ სახლებს ანგრევს, ამიტომ ისლამის გადმოსახედიდან, ის კარგი საქმე არ არის. ომი შეიძლება გადაკვალიფიცირდეს სიკეთედ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ადამიანების რწმენის თავისუფლებას და დაცვას ეხება. ამიტომ, ჯიჰადი არაპირდაპირი კარგი ვალდებულებაცაა. ისლამურ წყაროებში არსებული ამ გაგების მიუხედავად, არაკეთილსინდისიერმა არამუსლიმებმა, განსაკუთრებით ორიენტალისტებმა, ტერმინი „ჯიჰადი“ დაამახინჯეს და ისლამი დაახასიათეს, როგორც ძალადობისა და ომის გამომწვევი რელიგია. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ისინი ცდილობენ დაამახინჯონ ისლამი და მისი ჯიჰადის გაგება, არის ის, რომ ისლამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სხვა რელიგიები, რადგან ეს არის მარტივი და გონივრული სისტემა, ამიტომ დასავლელები ისლამის ცივილიზაციის წინაშე უძლური არიან და ისინი სიმცირის კომპლექსს ჰყავს შეპყრობილი.[10] სინამდვილეში, დასავლელების მიერ წამოყენებული ეს პრეტენზიები, მეცნიერული მიდგომისგან საკმაოდ შორსაა. ამიტომ, სჯობს ჯერ საკუთარ ისტორიას გადახედონ, რადგან არნოლდ ჯოზეპ ტოინბი, ფრიტოპ შუონი, ედუარ გიბონი, ი. მორისი, ფილიპ ჰიტი, არნოლდ მითიუ, ჩარლზ ტაილორი, ლ. ვაისი და მსგავსი სწავლულები და ისტორიკოსები, თავიანთ ბარბარიზმს აშკარად აღიარებენ.[11] როგორც ამ მონაცემებიდან ირკვევა, ჯიჰადის კონცეფციას, წმინდა ომის იდეასთან, საერთო არაფერი აქვს. ნამდვილი ჯიჰადი არის, ალლაჰისა და მისი შუამავლის (ს.ა.ს.) მიერ განსაზღვრული ცხოვრების სტანდარტების შესაბამისად მოწყობისთვის, შექმნას ისეთი გარემო, სადაც არანაირი ზეწოლა და ჩაგვრა არ იქნება, რელიგიისა და სინდისის თავისუფლება ყველა ადამიანის სასარგებლოდ დაფუძნდება. ამ ყველაფრის მისაღწევად სიცოცხლით, ქონებით, ენით, გულით უნდა გაისარჯო და ისლამი და მუსლიმები ყოველგვარი თავდასხმისგან უნდა დაიცვა. ამ თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში, ხელჩართული ბრძოლა დაშვებულია. თუმცა ბრძოლა დაშვებულია იმისთვის, რომ საფრთხე აღმოიფხვრას და მუსლიმები და ისინი, ვისაც ისლმის აღიარება სურს, დაცული იყონ და არა იმისთვის, რომ ადამიანები ისლამზე ძალდატანებით მოაქციონ. სახელი (ისლამი), რომელიც „სელემე“ ფუძიდან მოდის, რომელიც მშვიდობას და კეთილდღეობას ნიშნავს. ესაა იგივე მისალმების ფორმა; წიგნი, რომელიც ყადირის ღამეს (სალუმუნ ჰიე) ზემოევლინა და რაც მშვიდობასა და ბედნიერებას ნიშნავს; მორწმუნეთა დასამკვიდრებელი ადგილი - სამოთხე, რომელიც მშვიდობის ქვეყანადაა მოხსენიებული (დარუს-სელამი). ამ კონტექსტში, კაცობრიობისთვის, უეჭველად, დიდი სარგებელი ექნება მოუსმინოს იმ მოწვევას, რომლის ყველაზე მთავარი თვისებაა მშვიდობა, რომელიც გამჩენის - მშვიდობისა და კეთილდღეობის წყაროს მიერ დადგენილი ბოლო შეტყობინებაა. [1] ჯურჯანი, ს. შერიფი, ეთ-თა’რიფათი გვ. 80; თეჰანევი (თანევი), ქეშშაფულ-ისთილაჰათილ-ფუნუნ, სტამბოლი 1984 [2] ფურყანი, 25/52 [3] ანქებუთი, 29/69 [4] თირმიზი, ფედაილულ-ჯიჰადი, 2; აჰმედ ბ. ჯანბელი, მუსნედი, VI, 20-23; ბუხარი, რიყაყი, 37 [5] ებუ დავუდი, მელაჰიმი, 17; თირმიზი, ფითენი, 13 [6] მუსლიმი, იმანი, 80 [7] ბუხარი, ჯიჰადი, 1 [8] ელ-ისფაჰანი, ელ-მუფრედათი, `ჯჰდ~; იბნულ-ყაიმი, ზადულ-მე’ადი, III, 9-11 [9] ბაყარა, 2/256; ნაჰლი, 16/125; ფურყანი, 25/52 [10] რიჩარდ მ. ვატი, ისლამის გავლენა ევროპაში [11] იზზეთ, ებულ-ფაზლი